კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტიანობა სკოლებში - "სკოლა-ბანკის" მაგალითი

18 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ISET-ის კვლევითი ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პროგრამა "სკოლა-ბანკის" პილოტის შედეგების პრეზენტაცია და ფინანსური განათლების სასკოლო პროგრამების ეფექტიანობის თემაზე მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სხვა საჯარო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, მიკროსაფინასო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები.

"სკოლა-ბანკი" საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2017 წლიდან საჯარო და კერძო სკოლებში ინერგება. პროგრამის პილოტი 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის, სულ 11 საჯარო სკოლაში განხორციელდა. პროგრამა 12-დან 15 წლამდე მოზარდებზეა გათვლილი და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო ფინანსურ საკითხს მოიცავს: დაზოგვა, გააზრებული ხარჯვა, ბიუჯეტირება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური პროდუქტები, რისკები და შესაძლებლობები, და გონივრული გადაწყვეტილების მიღება. გარდა საგანმანათლებლო ნაწილისა, პროგრამა საბანკო კომპონენტსაც მოიცავს, რომლის ფარგლებში დაინტერესებული კომერციული ბანკები ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს ავითარებენ, რომელთა დახმარებითაც ახალგაზრდები პრაქტიკაში სწავლობენ საფინანსო სექტორთან ურთიერთობას, ფულის მართვას, გადახდას, ფინანსური მიზნების დასახვას და დაზოგვას ამ მიზნების მისაღწევად. მიმდინარე ეტაპზე, პროგრამაში ერთი კომერციული ბანკი, სს „საქართველოს ბანკია" ჩართული.

ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ISET-ის მკვლევარებთან და ღონისძიების მონაწილეებთან ერთად იმსჯელა ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მნიშვნელობის, ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტურობის, „სკოლა-ბანკის" პილოტის შედეგებისა და პროგრამაში ჩართული სკოლებისა და ბანკების გამოცდილების შესახებ. ამასთან,  შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კვლევის შედეგად აღმოჩენილ გამოწვევებზე, გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.

ISET-ის კვლევამ აჩვენა, რომ "სკოლა-ბანკის" პროგრამის შედეგად, პილოტში მონაწილე სკოლების მოსწავლეთა ფინანსური განათლების საშუალო დონე გაუმჯობესდა, განსაკუთრებით ფინანსური ცოდნისა და ფინანსური დამოკიდებულებების მიმართულებით. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ფინანსური განათლების დონე თანაბარია გენდერულ ჭრილში, თუმცა პროგრამა შედარებით ეფექტური აღმოჩნდა დედაქალაქში, ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში. ემპირიულმა შედეგებმა ასევე წარმოაჩინა, რომ არსებობს დადებითი ურთიერთკავშირი მოსწავლის მიერ შემნახველი ანგარიშის ქონასა და ფინანსური განათლების დონეს შორის, რაც ახალგაზრდების ფინანსური ჩართულობის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე მიეწოდოს ფინანსური განათლება, რაც მათ დაეხმარება ისეთი ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში, რაც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგება. ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების მიწოდების საჭიროებას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს. მოხარული ვარ, რომ ISET-ისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობით მოგვეცა შესაძლებლობა განგვეხილა "სკოლა-ბანკის" პილოტის შედეგები, და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გვემსჯელა პროგრამის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე. აქვე აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა პრაქტიკაში გამოიყენონ ფინანსური განათლება და ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტებით, რადგანაც ფინანსური განათლება ყველაზე შედეგიანი სწორედ მაშინაა, როდესაც სწავლებას პრაქტიკული გამოცდილებაც ერთვის თან", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.