განცხადება
ფეისბუქკონკურსის "ფული და ფულის სამყარო"-ს შესახებ
კონკურსის მიზანი
მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ვინაიდან აღნიშნული მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეიქმნა ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge – (შემდგომში - ფინედუ).
ბავშვები და ახალგაზრდები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია. ადრეული ასაკიდანვე მიღებული ფინანსური ცოდნა, ჩამოყალიბებული სწორი დამოკიდებულებები და განვითარებული ჯანსაღი ქცევები ახალგაზრდებს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და პასუხისმგებლიან მომხმარებლად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელების მიზნით, ეროვნული ბანკი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, 2014 წლიდან ყოველწლიურად ერთვება „გლობალურ ფულის კვირეულში“, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით, მსოფლიოს მასშტაბით, 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. კვირეულის ამოცანას ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების პოპულარიზება წარმოადგენს.
2021 წლის „გლობალური ფულის კვირეული“ 22 - დან 28 მარტის ჩათვლით აღინიშნება და მისი დევიზია: „გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს“
კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესების და ქართული ფულის და ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა, საქართველოში მცხოვრებ 12-დან 18 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის ფულისა და ბანკების თემაზე ფეისბუქკონკურსის ჩატარება გადაწყვიტა. კონკურსის სახელწოდებაა: „ფული და ფულის სამყარო“.
კონკურსის შედეგად, როგორც მონაწილეები, ისე დაინტერესებული აუდიტორია შეძლებს მეტი გაიგოს ფულის ისტორიის, ქართული ლარის, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიის, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ და გამოავლინოს და აიმაღლოს არსებული ცოდნა.
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვეყნის მასშტაბით 12-დან 18 წლის ჩათვლით მოზარდებს ქვემოთ მოცემული საკონკურსო პირობების შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობას არ ღებულობენ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა შვილები.
განცხადების გამოქვეყნების თარიღი: 17 მარტი, 2021 წელი
კონკურსის პირობები
გლობალური ფულის კვირეულის განმავლობაში, 22-იდან 26 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ, 18:00 და 20:00 საათზე, ფინანსური განათლების ფეისბუქგვერდზე: www.facebook.com/finedu.gov.ge დაიდება თითო საკონკურსო ვიდეოშეკითხვა ფულისა და ფულის სამყაროს შესახებ ცალკე პოსტის სახით.
პირმა, რომელსაც სურს კონკურსში მონაწილეობა, საკუთარი ან მშობლის ფეისბუქპროფილის საშუალებით უნდა უპასუხოს დასმულ ვიდეოშეკითხვას იმავე პოსტში გაკეთებული კომენტარის სახით.
კომენტარში პასუხთან ერთად უნდა მიეთითოს კონკურსანტის სახელი, გვარი და ასაკი.
ჩასწორებული (Edited) კომენტარები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ვიდეოშეკითხვებზე სწორი პასუხები გამოქვეყნდება პოსტის გამოქვეყნების მომდევნო დღის 10:00 საათზე.
გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის ვადები და პირობები
კონკურსს ეყოლება 15 გამარჯვებული, რომლებიც გამოვლინდებიან შემდეგი წესით:
1. თითოეული ვიდეოშეკითხვის პასუხების მიხედვით გამოვლინდება თითო გამარჯვებული. გამარჯვებულად ჩაითვლება კომენტარში დაფიქსირებული კონკურსანტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
- შეესაბამება კონკურსით დადგენილ მონაწილეობის კრიტერიუმებს;
- პირველი დააფიქსირებს ვიდეორგოლში დასმულ შეკითხვაზე სწორ პასუხს;
- გამარჯვებულად არ ყოფილა გამოვლენილი წინა ვიდეოშეკითხვის პოსტში.
ამ გზით სულ გამოვლინდება 10 გამარჯვებული.
2. გამარჯვებულად ასევე ჩაითვლებიან ის კონკურსანტები, რომლებსაც ათივე ვიდეოშეკითხვაზე დაფიქსირებული პასუხების მიხედვით, ყველაზე მეტი სწორი პასუხი აქვთ გაცემული და, იმავდროულად, არ ყოფილან გამარჯვებულად დაფიქსირებული არც ერთ ვიდეოშეკითხვაში. იმ შემთხვევაში, თუ სწორი პასუხების რაოდენობის მიხედვით რამდენიმე მომხმარებელს თანაბარი შედეგები ექნება, გამარჯვებულად ჩაითვლებიან ის კონკურსანტები, რომლებსაც სწორ პასუხებზე ჯამურად ყველაზე ნაკლები დრო ექნებათ დახარჯული. პასუხებზე გაცემული დროის დაანგარიშება მოხდება პოსტის გამოქვეყნებიდან თითოეული სწორი პასუხის დაფიქსირებამდე გასული დროის მიხედვით. ამ გზით სულ გამოვლინდება 5 გამარჯვებული.
3. გამარჯვებულების ვინაობა გამოქვეყნდება ფინანსური განათლების ფეისბუქგვერდზე 2021 წლის 29 მარტს 18:00 საათზე.
4. კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს პრიზებად გადაეცემათ (შემდგომში ერთად მოხსენიებული, როგორც გზავნილი):
- წიგნი-ალბომი „ფული საქართველოში“
- ბრენდირებული ნივთები ეროვნული ბანკის სიმბოლიკით
- საგანმანათლებლო ბროშურები “მოგზაურობა ფულის სამყაროში“ და „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“
- სერტიფიკატი
5. გზავნილის გამარჯვებულებთან გაგზავნას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი. გზავნილის მიწოდების მისამართის დაზუსტების მიზნით ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან შესაბამის მომხმარებლებს ფეისბუქგვერდის საშუალებით. კერძოდ, ფეისბუქგვერდზე გაკეთებული კომენტარის ავტორთან დაკავშირება მოხდება ფეისბუქის პირადი შეტყობინების საშუალებით. გზავნილის გაგზავნა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომხმარებლის მხრიდან მოწოდებული იქნება საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია.
6. გზავნილი ჩაბარდება მითითებულ მისამართზე მყოფ ნებისმიერ სრულწოვან პირს;
7. იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული მისამართი არასწორია, მიმღები არ პასუხობს, მისამართზე კურიერს არავინ დახვდა ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, გზავნილი დაბრუნდება უკან.
8. გზავნილების გამარჯვებულებთან გაგზავნამოხდება გამარჯვებულების გამოვლენიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კვირის ვადაში.
9. უკან დაბრუნებული, ასევე, საჭირო კოორდინატების არარსებობის გამო მიუწოდებელი გზავნილების მიღებას გამარჯვებულები შეძლებენ ეროვნული ბანკის ოფისიდან (სანაპიროს ქ. #2) კონკურსის დასრულებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.№2
- ცხელი ხაზი: (995 32) 2406 406
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge.
- ვებგვერდი: https://www.finedu.gov.ge/
- ფეისბუქგვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/
- ოფიციალური განაცხადი: https://www.nbg.gov.ge/uploads/konkursebi/2021/gmw_2021_.pdf