კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

S.M.A.R.T. - ანუ 5 ნაბიჯი მიზნების ეფექტურად დასახვისთვის

S.M.A.R.T. - ანუ 5 ნაბიჯი მიზნების ეფექტურად დასახვისთვის

12815
3.7 / 5

მიზნების არსებობა პირადი ცხოვრებისა თუ ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. მიზნების დასახვა გვეხმარება, გვქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული მიმართულება, საითკენაც ვიღწვით, ვიცოდეთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იქ მისაღწევად, თვალი ვადევნოთ პროგრესს და რაც ყველაზე მთავარია, დავრჩეთ მოტივირებულები.

გაურკვეველი და ზოგადი მიზნების არსებობა თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. როცა არ ვიცით, სად მივდივართ, იქ მისვლა თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, „მინდა წონაში დავიკლო“ კარგად ჟღერს, თუმცა ძალიან ზოგადია და გაურკვეველია, 5 კილოს დაკლება მსურს თუ 20-ის. „მინდა იაპონიაში მოგზაურობა და საკურას ყვავილობის ნახვა“, ესეც უბრალო ოცნებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ მიზანს. ასევე, „მინდა გავზარდო კომპანიის გაყიდვები“- რა არის მიზანი? 200 ლარით გაზრდა? 2000 ლარით? როდის ჩაითვლება მიზანი მიღწეულად?

ამ ყველაფრის მარტივი გამოსწორება არის ე.წ S.M.A.R.T. მიზნების დასახვა. და მაინც, რას გულისმობს ის? 

S.M.A.R.T. მიზნების სწორად ფორმულირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და წარმატებული მეთოდია. ის არის აკრონიმი, სადაც თითოეული ასო მიზნების დასახვის ერთ კონკრეტულ ნაბიჯზე მიანიშნებს:

S= Specific – კონკრეტული
M= Measurable – გაზომვადი
A= Achievable – მიღწევადი
R= Relevant – რელევანტური, შესაბამისი
T= Timely – დროში გაწერილი

მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ თითეული მათგანი და ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ მიზნების დასახვისთვის გასათვალისწინებელ ნიუანსებს.

ნაბიჯი #1 - Specific

მიზანი უნდა იყოს კონკრეტული.  ზუსტად განვსაზღვროთ - რა გვინდა და რა შედეგი ჩაითვლება წარმატებად. ამისთვის პასუხები უნდა ვიპოვოთ კითხვებზე: ვინ, რა, სად, როდის, რატომ. ასევე, განვსაზღვროთ, რა ნაბიჯების გადადგმა და რა რესურსი დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად.

ნაბიჯი #2 - Measurable

მიზანი უნდა იყოს გაზომვადი. უნდა შეგვეძლოს კონტროლი, როგორ პროგრესირებს მისკენ სვლა, და როცა დრო მოვა, უნდა შეგვეძლოს კითხვაზე, მივაღწიე თუ არა მიზანს, პასუხის გარკვევით გაცემა: კი ან არა. 

ნაბიჯი #3 - Achievable

მიზანი უნდა იყოს მიღწევადი, რეალისტური და ჩვენს ძალებსა და რესურსებს არ უნდა აღემატებოდეს. დიდი ოცნებები კარგია, თუმცა მის მისაღწევად რეალური და შედარებით პატარა მიზნები უნდა დავისახოთ. ზედმეტად დიდი მიზნები გვაშინებს, ძალიან პატარა მიზნები კი მოტივაციას გვიკარგავს. ამიტომ, კარგად განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა პოტენციალი, მივაღწიოთ დასახულ მიზანს, და თუ არა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ოცნებად არ დარჩეს და ოდესმე მიზნად იქცეს.

ნაბიჯი #4 - Relevant 

მიზანი უნდა იყოს შესაბამისი ზოგად გეგმებთან, სტრატეგიებთან. ყველა მიზნის მიღწევას ძალისხმევა სჭირდება, შესაბამისად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მართლაც ღირს მასზე დროისა თუ სხვა რესურსების დახარჯდა და ფუჭად არ მოგვიწევს შრომა.

ნაბიჯი #5 - Timely

მიზანი უნდა იყოს დროში გაწერილი, რადგან რა განარჩევს ერთმანეთისგან მიზანსა და სურვილებს? სწორი პასუხია დრო. ყველა მიზნის მიღწევას სჭირდება თავისი ვადა. მიზნები შეიძლება დაიყოს მოკლევადიან, საშუალოვადიან ან გრძელვადიანად. მთავარია, სწორად მოვახდინოთ მიზნის მისაღწევად საჭირო დროის განსაზღვრა. 1 თვე? 1 წელი? 5 წელი? მიზნის სირთულიდან გამომდინარე ყველა ეს დრო შეიძლება მისაღები იყოს. მთავარია, სიტყვები „ოდესმე“ და „მერე“  ამოვიღოთ ლექსიკონიდან და ისე გავაგრძელოთ მიზნისკენ სვლა.

. . .

შეჯამებისთვის დავუბრუნდეთ დასაწყისში განხილულ მაგალითებს.

არასწორია: „მინდა წონაში დავიკლო.“

სწორია: „მინდა ივლისამდე 10 კილო დავიკლო. ამისათვის უნდა ვიკვებო სწორად და ვივარჯიშო კვირაში 3-ჯერ.“ 

 

არასწორია: „მინდა იაპონიაში მოგზაურობა და საკურას ყვავილობის ნახვა.“

სწორია: „მინდა 2023 წლის აპრილში ვიმოგზაურო იაპონიაში და ვნახო საკურას ყვავილობა. ამისათვის მჭირდება 6000 ლარი, რომლის დასაგროვებლადაც მაქვს 15 თვე. საჭიროა ჩემი მიზნის მისაღწევად შევამცირო არამიზნობრივი ხარჯები და დავიწყო თანხის დაზოგვა.“

 

არასწორია: „მინდა გავზარდო კომპანიის გაყიდვები.“

სწორია: „2022 წელს მინდა კომპანიის გაყიდვები გავზარდო 20%-ით (2021 წელთან შედარებით). ამისათვის საჭიროა გავხდე უფრო მეტად ცნობადი ბაზარზე, რისთვისაც უნდა მყავდეს მარკეტინგის მენეჯერი და  მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტი გავზარდო 30%-ით.“

. . .

სამივე შემთხვევაში მიზანი გახდა კონკეტული, დროში გაწერილი, მიღწევადი და რელევანტური. წინასწარ განსაზღვრული დროის დადგომისას, შედეგის გაზომვაც მარტივი იქნება. მიზანი მიღწეულად ჩაითვლება, თუ ნამდვილად დავიკლებ 10 კილოს, წავალ იაპონიაში, გავზრდი კომპანიის გაყიდვებს 20%-ით.

ნებისმიერი მიზნის ათვლის წერტილი არის სურვილი. რაც უფრო ძლიერია სურვილი და მოტივაცია, მით უფრო მარტივია მიზნის მიღწევა. ჩვენ შეგვიძლია ვაქციოთ ოცნებები მიზნებად და მომავალში რეალობად. ამისთვის კი მთავარია დავიწყოთ მოქმედება და რაც შეიძლება მალე გადავდგათ დასახული მიზნებისკენ მიმავალი ნაბიჯები.