კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

რა უნდა ვიცოდეთ ინფლაციის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ინფლაციის შესახებ

3923
5 / 5

რა არის ინფლაცია?

ეკონომიკაში უამრავი სახის საქონელი და მომსახურება იქმნება. მათი ფასები კი დროის გარკვეულ პერიოდში შეიძლება, სხვადასხვა დონით შეიცვალოს. შესაძლებელია, რომ თითოეული საქონლისა თუ მომსახურების ფასი განსხვავებული მიმართულებით წავიდეს, ზოგი გაიზარდოს, ზოგიც შემცირდეს; ან ერთის ფასი უფრო მეტად გაიზარდოს, ვიდრე - მეორის. ამდენად, ცალკეულ ფასებზე დაკვირვება არასაკმარის წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ ჯამურად რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში. შესაბამისად, თუ გვაინტერესებს ჯამური ეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ე.წ. ფასების საერთო დონის ცნების გაგება.

ინფლაცია ფასების საერთო დონის ზრდის პროცესს წარმოადგენს და არა რომელიმე ცალკე აღებული პროდუქტის ფასის, ან თუნდაც გაცვლითი კურსის, ცვლილებას.

ინფლაცია უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც აჩვენებს ფულის მსყიდველობით უნარიანობის ცვლილებას და გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. ფასების სტაბილურობა არ გულისხმობს უცვლელ ფასებს, ანუ 0-პროცენტიან ინფლაციას. პირიქით, მცირე მასშტაბით ფასების საერთო დონის ზრდა, ანუ ზომიერი და სტაბილური ინფლაცია, ჯანსაღი ეკონომიკის ინდიკატორია. 

 

ინფლაცია: მტერი თუ მოყვარე?

ცხადია, ინფლაცია არასასურველია თავად მომხმარებლისთვის, რამდენადაც ის, სხვა თანაბარ პირობებში, ცხოვრების გაძვირებას ასახავს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდას მუდმივად თან ახლავს ფასების დაბალი ტემპით მატება, რაც განპირობებულია საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდით, რომელიც, თავის მხრივ, წარმოებისა და შემოსავლების, მათ შორის ხელფასების, ზრდის პარალელურად ხდება. მართლაც, ვიცით, რომ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით ძვირია იქ ცხოვრება. თუმცა, ინფლაცია შეიძლება იყოს ზედმეტად მაღალიც. ამდენად, აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების ზრდასა და ფასების მატებას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი არ იყოს, რათა მან არ შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინფლაცია იმაზე მეტი არ უნდა იყოს, რაც ოპტიმალურია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფლაცია არათუ შემოსავლების ზრდის ასახვა იქნება, არამედ მაღალი ინფლაცია უკვე შესაძლოა, შემოსავლების ზრდის შემაფერხებელიც კი გახდეს.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის ზრდას ხელს უშლის არა ზომიერი, არამედ მისგან გადახრილი ინფლაცია, როგორც ზრდის, ასევე კლების მიმართულებით. ერთი მხრივ, ოპტიმალურზე უფრო მაღალი ინფლაციის დონის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე გაზრდილ გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული, რომელიც აუარესებს საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მეორე მხრივ, ზომიერზე ძალიან დაბალი ინფლაცია შესაძლოა სუსტი ეკონომიკური აქტივობის შედეგი იყოს, მაგალითად, საქონელსა და მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნის, წარმოების დაბალი დონისა და მაღალი უმუშევრობის.  

როგორ ვზომავთ ინფლაციას?

ფასების ამ საერთო დონის ცვლილების, ანუ ინფლაციის შესაფასებლად, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც ე.წ. სამომხმარებლო ფასების ინდექსს (სფი) იყენებენ. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის საფუძველზე იზომება, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეძენილ ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას,  როგორიცაა საკვები, ტექნიკა, ტანსაცმელი, ექიმის მომსახურება, განათლების ხარჯები და ა.შ. თავისთავად, სამომხმარებლო კალათაში შემავალ ყველა პროდუქტს აქვს თავისი წონა. წლის მანძილზე ზოგ პროდუქტზე მეტ თანხას ვხარჯავთ საშუალოდ, ზოგზე კი - ნაკლებს. ზოგადად, რაც უფრო მეტ თანხას ხარჯავს მოსახლეობა მოცემულ პროდუქტზე, მით მეტია მისი წონაც კალათაში და, შესაბამისად, ამ სფი ინდექსის დათვლაში. რაც მეტია პროდუქტის წონა, მით მეტ გავლენას ახდენს მისი ფასის ცვლილება ინფლაციის მაჩვენებლის დათვლაზე. რა თქმა უნდა, მოსახლეობის დანახარჯების სტრუქტურა მუდმივად იცვლება. შესაბამისად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამ ცვლილებების ასახვის მიზნით, სამომხმარებლო კალათას ყოველწლიურად ანახლებს. 

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სამომხმარებლო კალათა დათვლილია ე.წ. საშუალო, ანუ რეპრეზენტატიული მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურის მიხედვით. ამდენად, ბუნებრივია, თითოეული ინდივიდის დანახარჯების სტრუქტურა შეიძლება განსხვავდებოდეს საშუალოსაგან და, ამდენად, განსხვავებული იქნება ამ ინდივიდის სამომხმარებლო კალათის ფასის ცვლილებაც.

ინფლაციის მიზნობრივი დონე

არსებული შეფასებებით, საქართველოსთვის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ინფლაციის ოპტიმალურ დონედ მიჩნეულია 3%, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელიც 3%-ია, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ფაქტობრივი ინფლაცია გადახრილი იქნება 3%-საგან, ეროვნული ბანკი ისე შეცვლის მის პოლიტიკას, რომ ინფლაციამ დაიწყოს 3%-იანი ნიშნულისაკენ დაბრუნება. იმ პროცესს, როდესაც ეროვნული ბანკის მიერ პოლიტიკის ცვლილება საბოლოოდ ფასების დონეს სრულად გადაეცემა, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 4-6 კვარტალი სჭირდება. თუ ამ გადაწყვეტილების შემდგომი 4-6 კვარტალის განმავლობაში არაფერი გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მაშინ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების შედეგად ინფლაცია 4-6 კვარტალის შემდეგ, ანუ საშუალოვადიან პერიოდში, მართლაც მიზნობრივ დონეზე დაბრუნდება. 

თუმცა ჩვენ ვიცით, რომ გაუთვალისწინებელი მოვლენები ხშირად ხდება და მოხდება მომავალშიც. ეს გაუთვალისწინებელი მოვლენები ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას იწვევს. ამიტომ, ინფლაცია სხვადასხვა დროს შეიძლება, იყოს მიზნობრივი მაჩვენებლის როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებელისაკენ იმოძრავებს. ამდენად, მიუხედავად მიზნობრივი ნიშნულიდან ინფლაციის დროებითი გადახრებისა, მთავარია, რომ ის მის მიზნობრივ 3%-თან ახლოს იყოს საშუალოდ. სწორედ ასეთი მიდგომაა აღიარებული დღესდღეობით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში.