კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ქართული ბონის გზა

ქართული ბონის გზა

4939
5 / 5

დამოუკიდებლობის მოპოვება

1917 წლის თებერვალ-მარტში მომხდარმა რევოლუციამ რუსეთში მონარქია დაამხო. მალევე თბილისში მუშაობას შეუდგა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, ე.წ. ოზაკომი (Особый Закавказский Комитет), რომელიც რუსეთის დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ 1917 წლის შემოდგომაზე დაიშალა, 15 ნოემბრიდან კი ახლადშექმნილმა ამიერკავკასიის კომისარიატმა დაიწყო რეგიონის მართვა. 1918 წლის 10 თებერვალს თბილისში მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის წარმომადგენლობითი ორგანო სეიმი, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ ამიერკავკასიის რუსეთისგან ჩამოშორების იურიდიული გაფორმება გადაწყვიტა. 9 აპრილს სეიმმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო და ამიერკავკასია დამოუკიდებელ, ფედერაციულ რესპუბლიკად გამოაცხადა. კავკასიაში და რუსეთში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, ფედერაციაში შემავალი მხარეები სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის მომხრეები აღმოჩნდნენ, რამაც საბოლოოდ 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლა გამოიწვია, იმავე დღეს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სხდომაზე საქართველო დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი

ფული დამოუკიდებლობის დროისთვის

ჯერ კიდევ ოზაკომის მმართველობის პერიოდში შეიმჩნეოდა ფულადი ნიშნების დეფიციტი საქართველოში, რაც იყო 1914-1918 წლებში პირველი მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული მწვავე ეკონომიკურ-სოციალური პრობლემებით, რასაც თან დაერთო რუსეთის იმპერიის დაშლა და მის ყოფილ ტერიტორიებზე სამოქალაქო ომი, რუსეთის იმპერიის ყოფილი სახელმწიფო ბანკისაგან ფულის ნიშნების მიწოდება თბილისისთვის შეწყდა, აქედან გამომდინარე 1918 წლის 5 თებერვალს ოზაკომმა დაიწყო საკუთარი დროებითი ფულის ნიშნების ემისია (1,3,5,10,50,100 და 250 რუბლი) რომელიც ძირითადად კავკასიაში მიმოიქცეოდა, დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის საქართველოში სწორედ აღნიშნული ფულის ნიშნები ტრიალებდა. ამიერკავკასიის რეგიონში არსებულმა მრავალმა ფაქტორმა, მიუხედავად დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობისა, განაპირობა ფინანსური ერთიანობის დროებითი შენარჩუნება, თუმცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები დამოუკიდებლობის დასაწყისიდან ცდილობდნენ  დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო სისტემის შექმნას, 1918 წლის მაისის ბოლოდან საქართველოს სახელმწიფო ცდილობდა საგარეო კრედიტის აღებას უცხოურ ვალუტაში, რომლის საფუძველზეც შეიქმნებოდა ქართული ვალუტა, თუმცა აღნიშნული ვერ მოხერხდა. წლის ბოლოს კი სომხეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტმა საბოლოოდ გადააწყვეტინა ქვეყნის მთავრობას გამოეშვათ სახელმწიფო ხაზინის 5% მოკლევადიანი ვალდებულებები, რომლითაც მოხდებოდა მოსახლეობიდან ნაღდი ფულის მასის ამოღება. ამ მოვლენას ასე იგონებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი:

"ყველა ქვეყნები, ძველიც და ახალიც, სესხით ცხოვრობდა. შინაური სესხის აღება არ მოეწყო, თუმცა ეს ხელისუფლებამ სცადა. საქართველოს სომხეთთან ომის დროს ხაზინა დიდ გაჭირვებას განიცდიდა, ფული არ იყო და არც უფლება იმის გამოშვების. რესპუბლიკის მთავრობამ დროულად დაინახა შინაურ სესხის საშუალებით ქაღალდის ფულის საზოგადოებიდან ამოწურვა. ამ დანიშნულებით გამოიცა მოკლე ვადიანი სესხი ხაზინის 5 % ობლიგაციების სახით, სულ 50 მილიონ მანეთის. სესხმა სრულებით ვერ მიაღწია თავის დანიშნულებას და ვერ ვიტყვით, რომ ამის მიზეზი საზოგადოების უნდობლობა იყო ამ სესხის გამომცემ ხელისუფლების მიმართ: რა იყო მიზეზი სესხის გაუნაღდებლობის?  ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი საზოგადოების ფართე წრეები სრულიად არ იყო შეჩვეული ასეთ საქმეს, ეს მისთვის სრულიად ახალი მოვლენა იყო - სესხზე ხელის მოწერა, სარგებლიან ქაღალდების შეძენა! ამ მხრივ არამც თუ უმაღლესად განვითარებულ  ფინლიანდიაში, არამედ ლიტვაში, ესტონიაში, პოლონეთში უფრო ხელსაყრელი პირობები იყო რადგან საზოგადოება უფრო შეჩვეული იყო ფულის ბანკში შენახვასაც და სარგებლიან ქაღალდების შეძენასაც ე. ი. სესხის დაფარვას. მაგრამ სესხის განაღდებას ხელს უწყობენ უმთავრესად ბანკები, მათ დაუხმარებლად სახელმწიფო სესხის განაღდება შეუძლებელია. აი ეს დახმარება, ჩვენში არსებულ ბანკების დიდი უმრავლესობიდან  და უფრო გავლენიანებისაგან, ჩვენ გვაკლდა. რატომ - ამის შესახებ ახლა არ არის საჭირო განმეორება იმის, რაც მე წინად უკვე აღვნიშნე: ბალტიის ქვეყნებში და პოლონეთში ბანკების დიდი უმრავლესობა არ ყოფილა ადგილობრივ თუ ეროვნულ ინტერესებს  მოკლებული, როგორც ეს იყო ჩვენში."

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. სახაზინო ვალდებულება
1000 მანეთი სახაზინო ვალდებულება. 1919 წელი

ქართული ფულის ფონდი

1918 წლის ივნისში დაარსდა "ქართული ფულის ფონდი", რომელიც მომავალი ქართული ფულის ნიშნებისთვის სტაბილური კურსის ერთ-ერთი გარანტი უნდა გამხდარიყო.  შემომწირველთა სია საკმაოდ ფართო იყო: მწერლები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სამხედრო მოღვაწეები, სასულიერო პირები, ვაჭარ-მრეწველები. საქართველოს მომავალი ფულის საქმეს დანაზოგებსა და ძვირფას ლითონის ნივთებს სწირავდნენ, მათ შორის იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონიც.  ქართული ფულის ნიშნების დიზაინის შესაქმნელად მუშაობა ჯერ კიდევ 1918 წლის ივლისში დაიწყო. ამავდროულად თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა დისკუსია საქართველოში დროებითი ფული გამოეშვათ თუ ეროვნული ვალუტა? ამ საკითხის გადაწყვეტას მთავრობისა და პარლამენტს ასე სთავაზობდა კონსტანტინე კანდელაკი:

"დადგა დრო საკუთარი ფულის ნიშნის აუცილებლობის შესახებ... ჩვენ ვფიქრობთ ნამდვილ ფულის გამოცემა ახლა შეუძლებელია, რადგანაც არც ვალუტა გვაქვს, ვალუტის საკითხიც მთელ მსოფლიოში დიდ კამათს იწვევს დღევანდელი ფულის საკითხის მდგომარეობის გამო და არც აწინდელი ჩვენი ეკონომიკური ვითარება გვიწყობს ხელს ნამდვილი ფულის გამოშვებისათვის, ამნაირად ისევ საქართველოს ბონზედ უნდა შევჩერდეთ"

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 100 მანეთი. 1919 წელი
100 მანეთი. 1919 წელი

საქართველოს რესპუბლიკის ბონები

1919 წლის 11 ივლისს, დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიიღეს დეკრეტი "საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის" შესახებ, რომლითაც დაიწყო ახალი ეტაპი ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ბონის გამოშვების პირველი პერიოდისათვის საზოგადოებაში გაურკვევლობამ იმატა, მიზანმიმართულად მოქმედებდნენ პროვოკატორები და საკმაოდ დიდი ძალისხმევა და მიზანმიმართული ნაბიჯი დასჭირდა საქართველოს მთავრობას რომ ქართულ ბონს ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა და საზოგადოების ნდობა მოეპოვა, რადგან როგორც მთავრობის მესვეურნი აღნიშნავდნენ: "ოქროს საფუძველს მოკლებულ ქაღალდების ფულს ამაგრებს საზოგადოების ნდობა, სახელმწიფო რეჟიმის სიმტკიცე, ეროვნული შეგნება და დისციპლინა - სხვა არაფერი". 1919 წელს მიმოქცევაში გავიდა 50 კაპეიკის, 1,3,5,10,50,100 და 500 მანეთის ნომინალის ბონები, 1920 წელს დაემატა 1000 მანეთიანი და 1921 წელს კი 5000 მანეთიანი კუპიურა, ქართული ბონის დიზაინის ავტორები იყვნენ, ქართული სამხატვრო სკოლის გამორჩეული წევრები: იოსებ შარლემანი, დიმიტრი შევარდნაძე და ჰენრიკ ჰრინევსკი. 1919 წლის 11 ივლისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოახდინა ქართული ბონის 5 ემისია, ჯამურად - 18 მილიარდ 940 მილიონი მანეთის ოდენობით.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1000 მანეთი. 1920 წელი
1000 მანეთი. 1920 წელი