კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ისტორია და გეოპოლიტიკა - ანუ საიდან იღებს სათავეს ჩვენი დამოკიდებულებები ფულისადმი?

ისტორია და გეოპოლიტიკა - ანუ საიდან იღებს სათავეს ჩვენი დამოკიდებულებები ფულისადმი?

1544
4.6 / 5

ფეოდალიზმით დავიწყოთ...

თუ ვინმე მოისურვებს და ფულის გონივრულად გამოყენებას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, დასჭირდება ფეოდალიზმის განმარტება მოძებნოს. ეს დაგვანახებს, თუ როგორ საზოგადოებაში არ გვინდა ცხოვრება. დაგეხმარებით და გეტყვით, რომ ფეოდალიზმი ანტიკურ ხანაში წარმოიშვა და მაშინდელი მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიცვა. ფეოდალიზმის დროს ფეოდალს, სოციალური სტატუსით მაღლა მდგომ პირს, ეპყრა მიწის გარკვეული ნაწილი და მასზე მომუშავე გლეხებს განაგებდა. ეს კაპიტალიზმამდე ხანა იყო და გლეხს არცერთი კუთხით არ ჰქონდა განვითარების საშუალება. მისი დღე შრომით იწყებოდა და შრომით სრულდებოდა. ამ დროს, მკაცრი სოციალური დაყოფის პირობებში, გლეხს ჰქონდა ძალიან მწირი ფინანსური რესურსი, რომელსაც თავად განაგებდა. ამან, ჩემი აზრით, დააქვეითა გლეხთა უნარი, ფული სწორად განეკარგათ. ამის ბრალია ისიც, რომ მსოფლიოში კაპიტალიზმი სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს დადგა.

კაპიტალიზმში რა ხდებოდა?

გადავიდეთ კაპიტალიზმზე, რომელიც პირველად ინგლისში ჩამოყალიბდა. მე-17 საუკუნეში დიდი ბრიტანეთი მთლიანად გადაეწყო კაპიტალისტური მეურნეობის წესზე და ამან დიდწილად განაპირობა მისი ჰეგემონობა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. აქ ადამიანებმა გაიაზრეს მასობრივი წარმოების უპირატესობა სხვა სისტემებზე. მივადექით პრობლემას, რომელიც ქართველთათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მოტყუების  გარეშე ვაღიაროთ, რომ ჩვენს მენტალობაში ეკონომიური თუ ეკონომიკური აზროვნება არ არის. ამ ორს შორის კი დიდი განსხვავებაა. ქართველებს არ შეუძლიათ ფულის დაზოგვა და მისი სწორად განაწილება. ვიმსჯელოთ აღნიშნულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე უფრო დაწვრილებით, თუმცა აქამდე განვიხილოთ კალვინიზმის საფუძვლები.

რელიგიურ ჭრილშიც შევხედოთ...

XVI საუკუნეში შვეიცარიიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა ახალი რელიგიური მიმდინარეობა-კალვინიზმი. კალვინისტები უარყოფდნენ მომხვეჭელობას, მაგრამ არა ფულის სწორ განაწილებას. სწორედ ეს ადამიანები იქცნენ კაპიტალისტებად, მათ მიერ დაქირავებულმა ადამიანებმა კი საშუალო ფენა შექმნეს, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში. სწორედ იმ ადამიანებმა, რომელიც აფასებდნენ ფულის სწორ განაწილებას, აქციეს ინგლისი პირველ ინდუსტრიულ ქვეყნად და ჰეგემონად. აღნიშნული წესების ოდნავ ლიბერალური სახით დანერგვა, ვფიქრობ, რომ მხოლოდ გააძლიერებს საქართველოს თუ ნებისმიერი ქვეყნის განვითარებას და გაზრდის ადამიანების ცხოვრების ხარისხს.

ყოველივე ზემოთქმული საქართველოს ჭრილიდანაც განვიხილოთ

საქართველოს პრობლემა ბატონყმობის გვიან გაუქმებით დაიწყო. საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ფეოდალიზმი იყო გამეფებული, რასაც რუსეთის გავლენებმა ხელი შეუწყო. ქართველთა მენტლიტეტი ვერ გადაეწყო ახალ წესზე, რაც კარგად არის აღწერილი ლიტერატურულ ნაწარმოებებში. თუნდაც ილია ჭავჭავაძე „ოთარაანთ ქვრივში“ აღნიშნულ თემაზე საუბრობს. ვთვლი, რომ მსგავსი ნაწარმოებების გააზრება მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე პრობლემების გადაჭრაში. ოთარაანთ ქვრივი ზუსტად ანაწილებს ფინანსებს, 5 ქისის პრინციპი ამოსავალი წერტილია ქვეყნის ეკომონიკური წარმატებისა. პარალელს თუ გავავლებთ დღევანდელობასთან, ნათელი გახდება, რომ დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოთარაანთ ქვრივიც კი გამონაკლისი იყო საკუთარ სოციუმში. ძალიან ბევრი ადამიანი მზადაა მიიღოს სოციალური დახმარება, მაგრამ ფიზიკურად არ იმუშაოს. არსებულ რეალობას საზოგადოების დამოკიდებულებაც ამძაფრებს. ქართველთა აზროვნებაში კვლავ არსებობს პროფესიები, რომელთა დაუფლება სირცხვილად ითვლება. მაგალითად, გასული საუკუნის ბოლოს ქართველებს იშვიათად ნახავდით დასუფთავების სამსახურში. ეს ყველაფერი ეკონომიკური აზროვნების ასპექტებია, რომელიც ქართველთა დიდ ნაწილს არ აქვს.

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნებელობითი აშლილობა, რაც ხელს უშლით მათ ფულის სწორ განაწილებაში. ებრაული ანდაზა: "ფულის შოვნაზე რთული, მისი განაწილებაა", ზუსტად ერგება დღევანდელობას. ქართველების დიდი ნაწილი ხელფასამდე ბოლო კვირას შიმშილობს, თუმცა ამაყად უყურებს ახლად შეძენილ ძვირფას ნივთებს. როგორც ფილიპე გოგიჩაიშვილი წერს: "ქართველი ფულს უყურებს არა, როგორც კაპიტალს, არა როგორც აღებ-მიცემობის საშუალებას  და ქონების გაზრდა-გადიდების საღსარს, არამედ როგორც დასახარჯ ქონებას". ეს, ერთი შეხედვით, ხისტი შეფასება ზუსტად აღწერს ქართველთა მენტალიტეტს. ჩვენს ხასიათში არ არის ფულის შენახვა ან სადმე დაბანდება. ეს პრობლემა არა მხოლოდ მოსახლეობაში, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორშიც იგრძნობა. საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისათვის გატარებულ რეფორმებს მივესამლები და ვთვლი, რომ ამაზე მეტის გაკეთება სახელმწიფოს არ შეუძლია და ეს მორალური პრინციპებიდანაც გამომდინარეობს.

და მაინც, შესაძლებელია დამოკიდებულებების შეცვლა?

შეიძლება, ამდენი პრობლემის ჩამოთვლის შემდეგ შეგაშინეთ და მომავლის შიში გაგიჩინეთ, თუმცა აქვე მინდა პრობლემის გადაჭრის გზები შემოგთავაზოთ, კვლავ ქართველთა გამოცდილებიდან. XVIII საუკუნეში ერეკლე მეორე აქტიურად ცდილობდა ქართლ-კახეთში კაპიტალიზმის დანეგვას. მან გლეხებს მიწები დაურიგა, ისინი რუსეთში ბატონყმობის გაუქმებამდე თითქმის ერთი წლით ადრე გაათავისუფლა. დაიწყო ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა და ფართო წარმოება. ასევე, 1918-1921 წლების მთავრობის პროგრამაში მკაფიოდაა განსაზღვრული ნაბიჯები, რომელითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა კაპიტალიზმზე უნდა გადასულიყო. ცხადია, რომ ამ ქვეყანაში არსებობდა უცხოური გამოცდილების გაზიარების მცდელობა, თუმცა ორივე შემთხვევაში ჩრდილოელმა მეზობელმა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ეკონომიკის სწორი კურსის მოშლაში. ამისდა მოუხედავად, ყველაფერში რუსეთის დადანაშაულება არასწორი და რადიკალური მგონია, კვლავ ქართველთა მენტალობის გამო. თუმცა ყველა თანხმდება, რომ რუსეთმა არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი ქვეყნის განვითარება შეაფერხა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, საკუთარი კოლონიალიზმის პოლიტიკის ფარგებში.

რომ შევაჯამოთ, ფინანსების სწორი განაწილება სოციუმის, შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის გარანტია. როგორც ვახსენე, საქართველოს უკვე აქვს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გეგმა და მას მიჰყვება. ჩემი აზრით, თითოეულმა ადამიანმა უნდა იზრუნოს, პირველ რიგში, სოციუმზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ქმნის. კოსმოპოლიტმა კი ყველაზე უკეთ იცის ფულის განკარგვის მნიშვნელობა მსოფლიო მომავლისთვის. ადამიანს შეუძლია საკუთარი მომავლის შექმნა რესურსების სწორი გადანაწილებით, ეს ფაქტია და ამას არაერთმა ერმა თუ ადამიანმა მიაღწია ფულის გონივრულად მოპყრობით. ობიექტურად ვთვლი, რომ საერთაშორისო თუ რეგიონალური გამოცდილების გათვალისწინებით, თანამედროვე პრობლემების გადაჭრა, შესაბამისად, უკეთესი მომავლის შექნა შესაძლებელია.