კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

გაზარდე უსაფრთხოება ინტერნეტსივრცეში

გაზარდე უსაფრთხოება ინტერნეტსივრცეში

1380
4.2 / 5

ყველაფრის გაციფრულებასთან ერთად, ინტერნეტბანკების როლი დღითიღე უფრო და უფრო იზრდება. შესაბამისად, ონლაინ–შოპინგი და ონლაინ ფულადი გზავნილებიც გახშირდა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როცა სახლში დროის მეტ ნაწილს ვატარებთ და უფრო მეტად ვართ დამოკიდებული ონლაინ გადახდებზე. 

შედეგად ინტერნეტში თაღლითობის შემთხვევებმაც მოიმატა და ყოველ წელს, მილიონობით ადამიანი ხდება კიბერდანაშაულის მსხვერპლი მეილის, ტექსტური შეტყობინებისა თუ სატელეფონო ზარის მეშვეობით. თაღლითები ჩვენი პირადი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ, რომ შემდეგ ფინანსების მითვისების მიზნით გამოიყენონ. მსგავსი შეტევებისგან თავის დასაცავად ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ ინფორმირებულობაა.

შემდეგი 10 რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება გავზარდოთ ინტერნეტსივრცეში ჩვენი უსაფრთხოება: 

 

1. მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტბანკის პაროლი პერიოდულად, მაგალითად ორ თვეში ერთხელ მაინც შეცვალოთ ხოლმე პოტენციური თაღლითებისგან თავის არიდების მიზნით. ეცადეთ, ერთი და იგივე პაროლები არ გამოიყენოთ სხვადასხვა საიტებისა და აპლიკაციებისთვის. ასევე, კარგი იქნება, თუ ძლიერ პაროლებს გამოიყენებთ – რომელიც ასოებს, რიცხვებს და სხვა სიმბოლოებსაც შეიცავს.

2. ეცადეთ, არ გამოიყენოთ საჯარო სივრცეში არსებული კომპიუტერები და საჯარო უკაბელო ინტერნეტი, ე.წ. "wi-fi" ინტერნეტბანკით სარგებლობისას, ვინაიდან ეს თაღლითებისთვის თქვენს პერსონალურ ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის და შესაძლოა, მათი მსხვერპლი აღმოჩნდეთ.

3. თუ ბარათს დაკარგავთ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ შესაბამის ფინანსურ დაწესებულებას, რათა თქვენი ბარათი დაბლოკონ და თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. ასევე, მაშინვე შეატყობინეთ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაშიც.

4. არავის გაუზიაროთ თქვენი საბანკო ინფორმაცია, როგორიცაა მომხმარებლის სახელი, ბარათის ინფორმაცია, პინ კოდი ან პაროლი. თუ სატელეფონო ზარს, ტექსტურ შეტყობინებას ან იმეილს მიიღებთ ფინანსური დაწესებულებიდან, რომელიც ამგვარ ინფორმაციას გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ მოთხოვნის უკან აუცილებლად თაღლითები დგანან. ფინანსური დაწესებულებები მსგავსი სახით ინფორმაციის დადასტურებას არასდროს მოგთხოვენ.

5. ონლაინ შოპინგის დროს, აუცილებლად დააკვირდით ვებსაიტის უსაფრთხოებას. ვებსაიტის მისამართი https://–ით უნდა იწყებოდეს და ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლოც უნდა ჰქონდეს ბმულის გვერდით. დარწმუნდით ვებსაიტის ავთენტურობაში, რადგან ხშირად კიბერთავდამსხმელები თქვენს ფინანსურ დაწესებულებასთან მიმსგავსებული სახელით ან ვიზუალით ცდილობენ, შეცდომაში შეგიყვანონ. საეჭვო ბმულებზე გადასვლით, ინფორმაციის შეყვანით ან ფაილის გახსნით კი თქვენს მოწყობილობაში შემოღწევას და სენსიტიური ინფორმაციის (მომხმარებლის სახელი, ბარათის ინფორმაცია, პაროლი და სხვ.) მოპარვას ახერხებენ.

6. შეეცადეთ, პერიოდულად თვალი გადაავლოთ თქვენს ონლაინ საბანკო აქტივობებს და თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, მაშინვე ბანკს შეატყობინოთ. ასევე, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, გააქტიურეთ ტექსტური შეტყობინებები, რომ ყოველი ონლაინ გადახდის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია.

7. განაახლეთ პროგრამები, აპლიკაციები და ოპერაციული სისტემები.

8. სასურველია, რომ თქვენი ბარათი სხვას არ ანდოთ და ტერმინალზე გადახდისას თავად გაატაროთ.

9. ინტერნეტბანკში შესასვლელად მხოლოდ თქვენი პირადი მოწყობილობები გამოიყენეთ, რადგან უცხო მოწყობილობამ შესაძლოა მონაცემები დაიმახსოვროს და თქვენი ფინანსების მისათვისებლად გამოიყენოს.

10. აუცილებლად გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, რას გულისხმობს, რომ ინტერნეტბანკში შესვლისას, აპლიკაცია მომხმარებლის სახელის და პაროლის გარდა დამატებითი ინფორმაციის, მაგალითად, მობილურ ტელეფონზე SMS-ის სახით მოსული კოდის შეყვანას მოგთხოვთ.