7 ოქროს წესი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისათვის
ფინანსური დამოუკიდებლობა ფინანსების სწორად გადანაწილების შედეგია, ფინანსური განათლება კი ფულის ეფექტურად მართვის ცოდნასა და მეთოდებს გულისხმობს.
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა თითქმის ყველა ადამიანისთვის სანატრელი მდგომარეობაა, თუმცა, მისი მიღწევა ყველასთვის მარტივი არაა, რადგან ის კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ ფინანსური განათლებითა და სწორი უნარ-ჩვევებით ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი გაცილებით უფრო საინტერესო და თანმიმდევრული გავხადოთ, პარალელურად კი დასახულ მიზანს, ფინანსურ დამოუკიდებლობას, მივაღწიოთ.
როცა ფინანსური განათლებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ მასში 3 კომპონენტს: ფინანსურ ცოდნას, ქცევასა და დამოკიდებულებას ვგულისხმობთ ხოლმე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინფორმაცია და პროგრესი სამივე მიმართულებით შევაფასოთ. თუ ფინანსური განათლების დონეს გენდერულ ჭრილში შევხედავთ ანუ ქალებისა და კაცების შედეგებს შევადარებთ, ვნახავთ რომ მონაცემები განსხვავებულია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში, ფინანსური ცოდნის კომპონენტში ქალებს, კაცებთან შედარებით დაბალი მაჩვენებლი აქვთ, ფინანსური ქცევები მსგავსი აქვთ, ხოლო დამოკიდებულებების მხრივ, კი პირიქით - ქალებს კაცებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. აქვე, საგულისხმოა, რომ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2018 წლის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში 15 წლის ასაკის გოგონების ფინანსური განათლების დონე იმავე ასაკის ბიჭებისას აღემატება, თუმცა უკვე ზრდასრულ ასაკში, ფინანსურ აქტივობასა თუ კარიერული განვითარებაში ქალები კაცებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. 2022 წლის გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კველევამ „დროის გამოყენების გამოკვლევა საქართველოში“ აჩვენა, რომ აუნაზღაურებელ შრომას (ზრუნვას) ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე მამაკაცები. ბავშვის აღზრდაში აქტიურად დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ავლენს, რომ საკუთარი განათლებისა და კარიერული განვითარებისთვის ქალებს კაცებთან შედარებით ნაკლები დრო რჩებათ. ამასთანავე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ქალების წილი 1.6-ჯერ აღემატება მამაკაცებისას, რაც ავლენს, რომ საქართველოში უამრავი შრომისუნარიანი ქალია დაუსაქმებელი, რომლებიც არც კი ეძებენ სამსახურს. აღნიშნული შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ქალები უფრო მეტად არიან ჩართული საოჯახო საქმიანობაში, ნაკლები ფინანსური თვითდაჯერებულობა აქვთ ან სულაც გარემოში არსებულმა გამოწვევებმა დემოტივაცია მისცათ სამსახური მოეძებნათ , შედეგად კი მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსი იკარგება მსოფლიოში.
ქალებში ფინანსური ცნობიერებისა და თვითდაჯერებულობის ამაღლების მიზნით გიზიარებთ რამდენიმე ოქროს წესს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა განვითარებული ქვეყნისა და წარმატებული ქალის რეკომენდაციებს.
წესი #1 - ყოველდღიურად აღწერეთ თქვენი შემოსავალი და ხარჯები
პირადი ბიუჯეტის შედგენა დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ თქვენი შემოსავალი ხარჯებად და დაზოგვად, რაც ფინანსური სტაბილურობის აუცილებელი კომპონენტია. პირადი ბიუჯეტი საშუალებას მოგცემთ, მეტად თავდაჯერებული და მომზადებული შეხვდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რაც მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ პირად თუ კარიერულ ცხოვრებაში წარმოქმნილ ბარიერებთან დაკავშირებულ რისკებს.
აქვე გიზიარებთ ბიუჯეტირების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ მეთოდს, „50/30/20“, რომლის მიხედვითაც შემოსავლების 50% უნდა მიმართოთ საჭიროებებზე, 30% სურვილებზე, ხოლო დანარჩენი -20% დანაზოგებზე.
წესი #2- გააკეთეთ დანაზოგი
დაზოგვა დაგეხმარებათ მიაღწიოთ თქვენს მოკლევადიან თუ გრძელვადიან მიზნებს, რაც უფრო მეტად პროდუქტულსა და თავდაჯერებულს გაგხდით. აქვე გირჩევდით, მიმართოთ დაზოგვის ე.წ. ფორმალურ მეთოდს, რაც გულისხმობს თანხის ბანკში დეპოზიტის სახით განთავსებას. ამ მხრივ, შეძლებთ ყველა შესაძლო რისკი დააზღვიოთ, რაც თანხის არაფორმალური გზით ანუ „მუთაქაში“, წიგნში და ა.შ. შენახვას უკავშირდება. თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ წინასწარ მოიძიოთ ინფორმაცია, რა პირობებს გთავაზობთ ბანკი, რადგან სადეპოზიტო პირობები ინდივიდუალურია ყველა ბანკისა თუ მომხმარებლისთვის.
წესი #3- გააკეთეთ დანაზოგი საპენსიო ასაკისთვის
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საშუალოდ ქალები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები. რა თქმა უნდა, სიცოცხლის ხარისხიც მნიშვნელოვანია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რა სოციალურ პაკეტს შესთავაზებს ქვეყანა თავის მაცხოვრებლებს და როგორი მყარი იქნება ოჯახის წევრების მხარდაჭერის იმედი, საპენსიო ასაკისთვის მზადება ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობად რჩება. შესაბამისად, ქალებისთვის რეკომენდირებულია ადრეული პერიოდიდანვე მოემზადონ საპენსიო ასაკისთვის. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ მომავალზეც და როდესაც დანაზოგების გაკეთებას დაიწყებთ, თანხის გარკვეული პროცენტი უშუალოდ საპენსიო ასაკისთვის დაიტოვეთ.
წესი #4- განახორციელეთ ინვესტიცია
მსოფლიოში არსებული მონაცემების თანახმად ქალები, ფინანსურ პროდუქტებზე შეზღუდული წვდომის გამო, ნაკლებ ფინანსურ ინვესტიციებს ახორცილებენ. რეალურად კი ქალების მხრიდან ჩადებული ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა შემდგომში თვითდაჯერებული და გამბედავი კარიერული თუ ფინანსური ნაბიჯების გადასადგმელად.
წესი #5- გაეცანით ინფორმაციას საბანკო პროდუქტების შესახებ
თანამედროვე სამყაროში ცხოვრება წარმოუდგენელია ისე, რომ ერთხელ მაინც არ მოგვიწიოს საბანკო პროდუქტებთან შეხება. ამ დროს ინფორმირებულობა ყველაზე მეტად ფასობს. სწორი ფინასური ნაბიჯები კი სწორედ გაცნობიერებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს. აქამომდინარე, აუცილებლად გაეცანით სხვადასხვა ფინასურ პროდუქტს, კითხვები დაუსვით ბანკის წარმომადგენელს და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს.
წესი #6 - დაიცავით თქვენი ფინანსები
ფინასური სტაბილურობა ფინასურ უსაფრთხოებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მას შემდეგ, რაც სამყარო მეტად ციფრული გახდა, მუდმივად გვიწევს ვირტუალურ სერვისებთან ადაპტირება. ადამიანთა უმრავლესობა თითქმის ყოველდღიურად სარგებლობს საბანკო ბარათით, ონლაინ გადახდებით, რაც, თავის მხრივ, ზრდის ფინანსური თაღლითობის რისკებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გქონდეთ ინფორმაცია შესაძლო რისკებზე და იცავდეთ ფინანსური უსაფრთხოების წესებს.
წესი #7 - იყავით ფინასურად თავდაჯერებული
ფინანსური თავდაჯერებულობა მეტწილად გამბედაობას მოითხოვს, მათ შორის, ფინანსურ საკითხებთან მიმართებით. გამბედაობა კი ხშირად, ცოდნითა და ინფორმირებულობით მოდის. აქედან გამომდინარე, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი წესი დაგეხმარებათ აიმაღლოთ ფინასური თავდაჯერებულობა და მეტად გამბედავი იყოთ ფინანსურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით.
რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული ჩამონათვალი არ არის სრულყოფილი და არც მათი განუხრელი დაცვა იძლევა სასურველი მიზნის მიღწევის აბსოლუტურ და ზუსტ გარანტიას, თუმცა ეს ნამდვილად ის რჩევებია, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება ქალებს მისცემს საშუალებას, გახდნენ ფინანსურად უფრო დამოუკიდებლები. ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალები კი, თავის მხრივ, მეტად ძლიერ ოჯახებისა და ძლიერი ქვეყნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.