1. პროექტის იდეა და მიზანი
ფინანსური განათლების გავრცელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების პორტალი - www.finedu.gov.ge (შემდგომში - "ფინედუ") მხარდამჭერ პარტნიორთან, სს "საქართველოს ბანკთან (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204378869) (შემდგომში - "საქართველოს ბანკი") ერთად იწყებს ფინანსური განათლების გამავრცელებელი ანაზღაურებადი ტრენერების შერჩევა-გადამზადების პროექტს სახელწოდებით "ფინედუს ტრენერი" (შემდგომში - "პროექტი").
პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შეირჩევა და გადამზადდება არაუმეტეს 8 (რვა) ანაზღაურებადი ტრენერი, რომელთაგან თითოეული 2025 წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელ რეგიონში ფინანსური განათლების საკითხებზე 9 (ცხრა) შეხვედრას ჩაატარებს.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისთვის საჭირო საგანმანათლებლო მასალას ტრენერებს ფინედუ გადასცემს, ხოლო ზემოხსენებულ ანაზღაურებას კი განახორციელებს საქართველოს ბანკი.
2. პროექტის ზოგადი პირობები
2.1 პროექტის სახელწოდება: "ფინედუს ტრენერი";
2.2 პროექტზე რეგისტრაციის გამოქვეყნების თარიღი: 07 ოქტომბერი, 2024 წელი;
2.3 პროექტი განხორციელდება 3 (სამ) ეტაპად:
I. დარეგისტრირებული კანდიდატებიდან არაუმეტეს 20 (ოცი) კანდიდატის შერჩევა;
II. ტრენერთა ტრენინგის (ე.წ. "TOT") ჩატარება შერჩეული კანდიდატებისთვის;
III. არაუმეტეს 8 (რვა) ტრენერის არჩევა და მათი გადამზადება ფინანსური განათლების თემატურ საკითხებში.
2.4 პროექტში მონაწილეობით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირი (შემდგომში - "კონკურსანტი") აცხადებს თანხმობას, რომ "ფინედუს" და საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მისი, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები დამუშავდება.
3. პროექტში მონაწილეობის პირობები:
3.1 პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია "ფინედუს" "Facebook-ის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფორმის დახმარებით;
3.2 პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ პირს, გარდა თბილისისა. სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ საზღვრისპირა ტერიტორიებისა და მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლებს.
3.3 კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ფორმალური და/ან არაფორმალური სწავლების მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება და აღნიშნული უნდა აღწეროს/დაასაბუთოს წინამდებარე განცხადების 3.1 პუნქტში აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმის სამოტივაციო ნაწილში;
3.4 პროექტში კონკურსანტების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის 23:59-ის ჩათვლით;
3.5 შერჩეულ კონკურსანტებთან დაკავშირება განხორციელდება რეგისტრაციის დასრულებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში, არაუგვიანეს 2024 წლის 04 ნოემბრისა;
3.6 "ფინედუ" სარეგისტრაციო განაცხადების განხილვის საფუძველზე შეარჩევს არაუმეტეს 20 (ოც) კონკურსანტს და სარეზერვო სიაში შესულ კანდიდატებს (არაუმეტეს ათი კანდიდატი);
3.7 შერჩეულ კონკურსანტებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ დაფიქსირებული საკონტაქტო მონაცემების (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით;
3.8 თუ ვერ მოხერხდება კონკურსანტებთან დაკავშირება და/ან ისინი უარს განაცხადებენ პროექტში მონაწილეობაზე, მათი ჩანაცვლება მოხდება სარეზერვო კანდიდატების სიიდან;
3.9 შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენერთა ტრენინგს (ე.წ. "TOT");
3.10 ტრენერთა ტრენინგის (ე.წ. "TOT") გავლის შემდეგ, კონკურსანტებმა უნდა ჩაატარონ საჩვენებელი (ე.წ. "Demo") ტრენინგი;
3.11 საჩვენებელი ტრენინგის (ე.წ. "Demo") საფუძველზე შეირჩევიან "ფინედუს" ტრენერების საბოლოო კანდიდატები - სულ არაუმეტეს 8 (რვა) კანდიდატი;
3.12 შერჩეული ტრენერები გაივლიან შინაარსობრივ მომზადებას ფინანსური განათლების საკითხებში;
3.13 შერჩეული ტრენერებს გადაეცემათ სერტიფიკატები ტრენერთა ტრენინგის (ე.წ. "TOT") გავლისა და ფინანსური განათლების საკითხების შინაარსობრივი გადამზადების დასადასტურებლად;
3.14 შეთანხმებული პირობების შესაბამისად, საქართველოს ბანკსა და ტრენერს შორის გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;
3.15 ტრენერები ჩაატარებენ ტრენინგებს წინამდებარე განცხადების მე-8 პუნქტის შესაბამისად.
4. ტრენერთა ტრენინგი (ე.წ. "TOT") კონკურსანტებისთვის
4.1 ტრენერთა ტრენინგის (ე.წ. "TOT") ხანგრძლივობა იქნება 3 (სამი) სატრენინგო დღე და ჩატარდება 2024 წლის 11-13 ნოემბერს;
4.2 კონკურსანტებს გადაეცემათ ტრენერთა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
4.3 ტრენერთა ტრენინგი ჩატარდება თბილისში (ზუსტი ლოკაცია/მისამართი დამატებით ეცნობებათ შერჩეულ კონკურსანტებს);
4.4 ტრენერთა ტრენინგის დროს შერჩეულ კანდიდატებს არ აუნაზღაურდებათ საცხოვრებლის/ტრანსპორტირების ხარჯები.
5. კონკურსანტების მიერ საჩვენებელი ტრენინგის (ე.წ. "Demo") ჩატარება
5.1 ტრენერთა ტრენინგის (ე.წ. "TOT") გავლის შემდეგ, კონკურსანტებს მიეცემათ შინაარსობრივი (ტექსტური) მასალა წინასწარ შერჩეულ ფინანსური განათლების საკითხზე 1-1,5 საათიანი საჩვენებელი ტრენინგის (ე.წ. "Demo") მოსამზადებლად;
5.2 კონკურსანტს საჩვენებელი ტრენინგისთვის მოსამზადებლად ექნება მინიმუმ 1 (ერთი) კვირა;
5.3 საჩვენებელი ტრენინგები "ფინედუს" მიერ დაიგეგმება და დაორგანიზდება 2024 წლის 25 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით;
5.4 თითოეულ კონკურსანტს ინდივიდუალურად ეცნობებათ მათ მიერ ჩასატარებელი საჩვენებელი ტრენინგის კონკრეტული თარიღი და დრო;
5.5 საჩვენებელი ტრენინგის მსმენელების ინფორმირებას, შეკრებასა და სატრენინგო სივრცის მოწყობას უზრუნველყოფს "ფინედუ".
6. ფინანსური განათლების ტრენერების შერჩევა
6.1 კონკურსანტების მიერ ჩატარებულ საჩვენებელ ტრენინგებს (ე.წ. "Demo") დაესწრებიან "ფინედუსა" და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები;
6.2 კონკურსანტის მიერ ჩატარებული საჩვენებელი ტრენინგის (ე.წ. "Demo") საფუძველზე კონკურსანტები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:
- კრეატიულობა;
- ორგანიზებულობა;
- ტრენინგის დაგეგმვა;
- ტრენინგზე გამოყენებული მეთოდების მრავალფეროვნება;
- ტრენინგის მასალის ახსნის სიმარტივე;
- ტრენინგის მასალის ცოდნა;
- სატრენინგო აუდიტორიის მართვა და კომუნიკაცია;
- დროის მართვა.
6.3 საბოლოოდ არაუმეტეს 8 (რვა) ტრენერი გამოვლინდება 2024 წლის 10 დეკემბრისა;
6.4 ინფორმაცია შერჩეული ტრენერების შესახებ შესაძლოა განთავსდეს "ფინედუს" ოფიციალურ ვებგვერდსა და მის შესაბამის სოციალურ არხებში ("Facebook", "LinkedIn").
7. ფინანსური განათლების ტრენერების შინაარსობრივი გადამზადება
7.1 "ფინედუს" განახორციელებს შერჩეული ტრენერების შინაარსობრივ გადამზადებას პროექტის მიზნებისა და აუდიტორიის სეგმენტის შესაბამისად;
7.2 შინაარსობრივი გადამზადების ტრენინგები ჩატარდება თბილისში, 2024 წლის 16-18 დეკემბერს (ზუსტი ლოკაცია/მისამართი ტრენერებს დამატებით ეცნობებათ);
7.3 შინაარსობრივ ტრენინგებზე დასასწრებად ტრენერებისათვის "ფინედუსა" და საქართველოს ბანკის მიერ უზრუნველყოფილი იქნება:
- ტრანსპორტირება;
- განთავსება;
- საკანცელარიო ნაკრები;
- კვება.
7.4 შინაარსობრივი ტრენინგების დასრულების შემდეგ ტრენერებთან შეთანხმდება საორგანიზაციო საკითხები, ამასთან, საქართველოს ბანკსა და ტრენერებს შორის გაფორმდება ხელშეკრულებებიც ტრენერების მიერ სამომავლოდ ჩასატარებელი ტრენინგების ანაზღაურების საკითხებსა და პირობებზე.
8. ტრენერების მიერ რეგიონული ტრენინგების დაგეგმვა, ჩატარება და რეპორტინგი
8.1 ტრენერები, მომზადების დასრულებიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 15 იანვრისა, პროექტის ორგანიზატორებს წარმოადგენენ მათ მიერ საკუთარ საცხოვრებელ რეგიონში ჩასატარებელი ტრენინგების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას, მათ შორის, სად, როდის, რა ტიპის აუდიტორიასთან ჩაატარებენ ტრენინგებს;
8.2 რეგიონული ტრენინგების მსმენელთა მობილიზების ვალდებულება ეკისრება ტრენერს;
8.3 ტრენერმა უნდა უზრუნველყოს თვეში მინიმუმ 1 (ერთი) ტრენინგის ჩატარება, ხოლო, 2025 წლის განმავლობაში თითოეული ტრენერის მიერ უნდა ჩატარდეს არაუმეტეს 9 (ცხრა) ტრენინგი. ასევე, ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელების მხრიდან წინასწარ შეთანხმებული შეფასების ფორმის შევსება;
8.4 ყოველი ჩატარებული ახალი ტრენინგისთვის ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახდელების გარეშე (ე.წ. "ხელზე ასაღები თანხა");
8.5 ახალი ტრენინგად ჩაითვლება ტრენინგი, თუ მას ესწრება მინიმუმ 10 (ათი) ახალი მსმენელი;
8.6 ყოველი ტრენინგის შემდეგ, ტრენერმა უნდა შეავსოს და 3 (სამი) სამუშაო დღეში პროექტის კოორდინატორს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნოს ტრენინგის აღწერის წინასწარ შეთანხმებული ფორმა;
8.7 ტრენინგის აღწერის ფორმისა და ტრენინგის მსმენელთა რაოდენობის საფუძველზე, საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი ხელშეკრულების პირობების მიხედვით ტრენერისათვის ანაზღაურების ჩარიცხვას;
8.8 პროექტის ფარგლებში ტრენერის მხარდაჭერას მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს "ფინედუ".
შენიშვნა: პროექტის ეტაპებისთვის განსაზღვრული ვადები შეიძლება შეიცვალოს, რის შესახებაც კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ მათ მიერ გაზიარებულ საკონტაქტო მონაცემების მიხედვით.
9. საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
- ცხელი ხაზი: (+995)0322406406;
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/;
- "Facebook-ის" გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.